სამთავრობო სუბსიდია

გახარია: 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის 18 წლამდე ბავშვების სოციალურ დახმარებაზე სულ 857 000 განაცხადია შესული. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ შესაბამის უწყებებს ევალებათ აღნიშნული სოციალური განაცემების 1 კვირაში სრულად გადარიცხვა, ხოლო დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გრძელდება. 

"დღეის მდგომარეობით 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან. 

შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა 1 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ". – თქვა გიორგი გახარიამ.

სოციალური დახმარებისთვის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

კომენტარები