კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 38 ახალი ინფიცირებულის მიუხედავად, სასკოლო პროცესის გადადებაზე საუბარი არ არის

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევის მიუხედავად, ქვეყანაში სასკოლო პროცესის დაწყების გადადებაზე საუბარი არ არის. 

"საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა." – თქვა გიორგი გახარიამ. 

გახარიამ ქალაქის მერიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. 

"ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ, სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს." – თქვა გახარიამ. 

დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 ადამიანი.  

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები