ნორვეგია-ბელარუსი

ნორვეგიის პრემიერმინისტრი ბელარუს ოპოზიციონერს, ტიხანოვსკაიას, შეხვდება

ნორვეგიის პრემიერმინისტრი, ერნა სოლბერგი, მომავალ კვირას, ლიტვაში ვიზიტის დროს ბელარუს ოპოზიციონერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება.

"ხალხი, რომელიც დღითიდღე ავსებს მინსკის და სხვა ქალაქის ქუჩებს, აჩვენებს ბელარუს ხალხში ცვლილებებისა და დემოკრატიული განვითარების დიდ სურვილს". – თქვა სოლბერმა.

აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესცენტრის განცხადებით, ტიხანოვსკაია 4 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგება, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს სიტყვით.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ თუ ბელარუსში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე ის ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისთვის, მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები