პატრიოტთა ალიანსი

ოხანაშვილი: "პატრიოტებთან" არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ჩვენთვის წითელი ხაზია

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პატრიოტთა ალიანსთან არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი". – ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ოხანაშვილის მტკიცებით, "ოცნებას" არ სჭირდება ისეთი ინტერესების მატარებელი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე გასარკვევია მათი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი, – "ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი".

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გუშინ, 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები "პატრიოტებს" თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.  

გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები