საბერძნეთი - თურქეთი

თურქეთი: მზად ვართ ხმელთაშუა ზღვაში არსებულ რესურსებზე საბერძნეთთან მოლაპარაკებებისთვის

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზადაა, ხმელთაშუა ზღვაში არსებული რესურსების გადანაწილებაზე საბერძნეთთან დიალოგი დაიწყოს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის საბერძნეთიც გამოთქვამს მზაობას.

ორ ქვეყნას შორის  დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი ხმელთაშუა ზღვაში, კრეტისა და კვიპროსის კუნძულების მახლობლად, სადავო წყლებში აღმოჩენილი ნავთობის და გაზის საბადოებია.

პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საბერძნეთი მტრული დამოკიდებულებით ცდილობს თურქეთის პროვოცირებას.

25 აგვისტოს თურქეთმა და საბერძნეთმა ხმელთაშუა ზღვაში, კრეტის მახლობლად წვრთნების ჩატარება დაიწყეს. ორივე ქვეყანა წვრთნების ჩატარებას ერთ პერიოდში გეგმავს, რაც რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის.

პირველად წვრთნები თურქეთმა დააანონსა და ხომალდებს მოუწოდა თავი შეიკავონ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

მოგვიანებით საბერძნეთმა გამოაცხადა, რომ წვრთნებს ისინიც ჩაატარებენ და მისიაში სეისმური კვლევითი ხომალდიც მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ფლოტი და საჰაერო ძალებიც.

კომენტარები