ფიზიკური ძალადობა

ოჯახის წევრები ექიმებს 77 წლის პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

tsamali.ge

თბილისში, კლინიკა სითი მედიქალის ექიმებს პაციენტის ოჯახის წევრები 77 წლის ქალზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქალს დაზიანებები ორივე ხელზე აქვს მიყენებული. ასევე, მათივე თქმით, პაციენტის ტელეფონი გატეხილია. 

"ძალიან აღელვებული დამხვდა - წუხელ მცემესო. მე ვკითხე, რეანიმაციაში წევხარ, როგორ შეიძლება, გცემონ-მეთქი? კითხეო, მოპირდაპირე მხარეს ავადმყოფზე მიმითითა. მას ვკითხე და თქვა, კი, ხმაური გავიგონეო.  

5 ადამიანი, თანამშრომლები მცემდნენო. მიზეზი თქვა, რომ იხმაურა და გააღვიძა." – ამბობს ოჯახის წევრი რუსთავი 2-თან.   

კლინიკის დირექტორის თქმით, იმაში, რომ პაციენტს ექიმებმა სცემეს, ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

"პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ აქ პაციენტს ვერ მივხედეთ, რაღაც პრობლემა შევუქმენით. მე ნამდვილად ეჭვი მეპარება. ღმერთმა არ ქნას, ეს თუ ასე მოხდა, პასუხისმგებლობას ვერცერთი ვერ გაექცევა." – ამბობს ნიკა მეფეთაშვილი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები