ფიზიკური ძალადობა

წულუკიანი: ფიზიკური ძალადობის შესახებ პრემიერის დავალებაზე მუშაობა დავიწყეთ

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მისმა უწყებამ ფიზიკური ძალადობისთვის გათვალისწინებული სანქციების გადახედვაზე მუშაობა უკვე დაიწყო. პრემიერის დავალებაზე იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მე ეს დავალება მივიღე. ჩემი სამინისტროს სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებში უკვე გადაცემულია ეს დავალება, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ - როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში. ასეთი იყო შინაარსიც დავალებისა, რომლებიც წინასაარჩევნო ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება. ჩვენ არა მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, რომ როცა ერთხელ ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს. არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის სანქციაც. მაგრამ ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს. რადგან საარჩევნო გარემო მომავალი შემოდგომის არჩევნებზე უნდა იყოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული, სამაგალითო და ბოლომდე დაცლილი ძალადობისგან, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფისგან. რადგან ეს არის შეჯიბრი, ხოლო არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა. მან აღნიშნა, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული.

კომენტარები