პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი და თარხან-მოურავი პუტინის სახით - ბათუმში პოსტერები გააკრეს

BIIMO/Facebook

ბათუმში პოსტერები გააკრეს, რომელზეც პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პუტინის სახით არიან გამოსახული. 

პოსტერების ავტორია არტისტი BIIMO. 

"ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს!" - წერს ავტორი Facebook-ზე. 

პოსტერები პატრიოტთა ალიანსის მიერ გუშინ, 29 აგვისტოს, აჭარაში განთავსებულ ბანერს ეხმაურება.  

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეწერა პრორუსული პარტიის სარეკლამო ბანერზე. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.  

გონიოში განთავსებული ბანერი ლელოს აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს. მოგვიანებით კი ბათუმის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში განთავსებული პატრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამაზე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. 

პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი კი ამტკიცებს, რომ აჭარაში განთავსებული ბანერი განსხვავდება იმისგან, რომელიც პოლიტსაბჭოზე მიიღეს. ინაშვილი ბანერის "არასწორად შეფერადებას" ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიასა და ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აბრალებს

რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ კი 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები