11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმე

ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე გიორგის განცხადება მთლიანად უნდა განვიხილოთ - ჩანდა ხისტი პოზიციაც

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტ გიორგის განცხადებაში 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით "ძალიან ხისტი პოზიციაც ჩანდა", თუმცა , მისივე სიტყვებით, განცხადება "მთლიანობაში უნდა განვიხილოთ."  

"მეუფე გიორგიმ განცხადებაში ასევე დაავალა მღვდელმსახურს, შეესწავლა გარემოებები. ეს ამ კატეგორიულ ტონს ერთგვარად არბილებდა და ტოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ გარემოებების გათვალისწინებით მომხდარიყო წესის აგება. თუმცა, კი, ჩანდა იქ ძალიან ხისტი პოზიციაც, მაგრამ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ ეს განცხადება და ჩვენ ვნახავთ, რომ მან იზრუნა იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეესწავლა გარემოებები." - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

მიტროპოლიტმა გიორგიმ თქვა, რომ, თუ 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდება, ეკლესია გამონაკლისს ვერ დაუშვებს და მას წესს არ აუგებენ. თუმცა, მოგვიანებით საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილისთვის წესის აგება ნებადართულად მიაჩნიათ.

"დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ახალგაზრდას ტრაგიკულმა აღსასრულმა და ამასთან დაკავშირებით წესის აგების თემამ. ძალიან ბევრი სპეკულაციები გაკეთდა დღის განმავლობაში. საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია დასაშვებად, რომ წესის აგება მოხდეს. 

საერთოდ, როცა ასეთი საორჭოფო ვითარება არის, თუკი არ დგინდება მიზანმიმართული ხელყოფა საკუთარი ცხოვრებისა და ეკლესიას ეძლევა რაიმე საშუალება, წესის აგების დაშვებისა, ეკლესია ყოველთვის ამ მხარეს იხრება. ახლაც საპატრიარქოში ამ გარემოებების შეწონვის შემდეგ გაკეთდა განცხადება." - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

მოზარდი თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატური ძალადობაა. ბავშვის დედა ემიგრანტია. მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება თურქეთის საზღვარზე არ მისცეს.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. შსს-მ ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ სამართალდამცველები ინფორმირებულები არ ყოფილან, ვინაიდან მათთან შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ამ ოჯახიდან პოლიციას ბოლოს 2020 წელს მიმართეს.

კომენტარები