პატრიოტთა ალიანსი

რიჟვაძე "პატრიოტების" ბანერზე: არ დავუშვებთ, ქალაქში ამ შინაარსის მატარებელი ნიშანი იყოს

"არ დავუშვებთ, ამ ქალაქში იყოს ამ შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი." - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში განთავსებულ ბანერს.

"ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ამ შინაარსის ბანერებიც, განცხადებებიც. ამას, რა თქმა უნდა, ხალხი ადეკვატურად შეაფასებს. ამავე დროს, მიუღებელია, რომ ეს იქცეს იაფფასიანი პოპულიზმის საგნად. თქვენ იცით, როგორც კი გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, მაშინვე მოახდინა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება. 

რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აქ ქალაქში იყოს ამ შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი. ყველას მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ, თუკი აჭარას აქვს რამე დასაცავი, საქართველოს და აჭარის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს მის დასაცავად და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ვერასდროს ვერ იქცევა." - ამბობს რიჟვაძე. 

აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერი ლელოს აქტივისტებმა დღეს, 29 აგვისტოს ჩამოხსნეს.  

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - წერია პრორუსული პარტიის ბანერზე. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

სარეკლამო ბანერს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრებიც. "შმატრიოტები" - დაწერა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძის თქმით კი, მას ბანერი "ფეიკი" ეგონა. მისივე სიტყვებით, ეს "რუსული დაკვეთაა საქართველოს წინააღმდეგ". 

ევროპული საქართველოს წევრის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, სარეკლამო ბანერი ტყუილით შუღლის გაღვივებაა. ხატია დეკანოიძემ კი მოითხოვა, პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მოიხსნას არჩევნებიდან, ხოლო პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას. 

რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები