პატრიოტთა ალიანსი

აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერი ლელოს აქტივისტებმა ჩამოხსნეს

აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერი ლელოს აქტივისტებმა ჩამოხსნეს.  

ლელოს ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის ბანერის მაგივრად ამ ადგილზე დაამაგრებენ ბანერს ერთიანი საქართველოს რუკით. 

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეს წარწერა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის აჭარაში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზეა გაკეთებული.

ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს. 

ევროპული საქართველოს წევრის და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, სარეკლამო ბანერი ტყუილით შუღლის გაღვივებაა. ხატია დეკანოიძემ კი მოითხოვა, პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მოიხსნას არჩევნებიდან, ხოლო პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას. 

სარეკლამო ბანერს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრებიც. "შმატრიოტები" - დაწერა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძის თქმით კი, ბანერი "ფეიკი" ეგონა. მისივე სიტყვებით, ეს "რუსული დაკვეთაა საქართველოს წინააღმდეგ."

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ  24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები