პატრიოტთა ალიანსი

მდინარაძე "პატრიოტების" ბანერზე: "ფეიკი" მეგონა, რუსული დაკვეთაა საქართველოს წინააღმდეგ

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში განთავსებულ ბანერს ეხმაურება.

"სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ." - წერს მდინარაძე Facebook-ზე. 

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეს წარწერა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის აჭარაში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზეა გაკეთებული.

ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს. 

ევროპული საქართველოს წევრის და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, სარეკლამო ბანერი ტყუილით შუღლის გაღვივებაა. ხატია დეკანოიძემ კი მოითხოვა, პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მოიხსნას არჩევნებიდან, ხოლო პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.

რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ კი 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ

კომენტარები