პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერი საღებავებით დააზიანეს

ირმა ინაშვილი

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერი საღებავებით დააზიანეს.

ფოტო ირმა ინაშვილმა თავის ფეისბუკგვერდზეც დადო და დაწერა:

"ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები... ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!".

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აგვისტოს იყვნენ. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწეს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მათ "ილორის ტაძარში ღვთისშობლის ხატი დააბრძანეს".

27 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს. ეკლესია აცხადებს, რომ ხატს უკან აბრუნებს.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ კი 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები