მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! აქაც გავიმარჯვებთ და იქაც!

მიხეილ სააკაშვილი
Facebook / Mikheil Saakashvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მისი უკრაინელი მეგობრები მის წასვლას გლოვობენ. სააკაშვილი მათ ამშვიდებს, რომ ბრძოლას როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც გააგრძელებს.

"დღეს ბევრი სევდიანი კომენტარი იყო საქართველოს თაობაზე ჩემი განცხადების შემდეგ. ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უკრაინასთან ჩემს "დამშვიდობებას" გლოვობს. მინდა მათ ვუთხრა: გული არ გაიტეხოთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც! აქაც გავიმარჯვებთ და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. ეს ერთი საერთო გამარჯვება იქნება!"

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრუნდება.

"ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები"! – ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მან თქვა, რომ მიესალმებიან, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და, მისივე სიტყვებით, ექსპრეზიდენტს საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა.

კომენტარები