ქრაისთჩარჩის თავდასხმა

ახალ ზელანდიაში ქრაისთჩერჩის მეჩეთებზე თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ბრენტონ ტარანტი
EPA

ახალ ზელანდიაში ქრაისთჩერჩის მეჩეთებზე თავდამსხმელს, ბრენტონ ტარანტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომავალში მას საპატიმრო ვადის შემცირების საშუალება არ ექნება. ეს ახალ ზელანდიაში ყველაზე მკაცრი სასჯელია და ტარანტი პირველია ქვეყანაში, ვისაც მსგავსი სასჯელი შეეფარდა.

29 წლის ტარანტმა 2019 წლის 15 მარტს 2 მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმისას 51 ადამიანი მოკლა. მან ბრალი აღიარა. ტარანტმა ასევე აღიარა 40 მკვლელობის მცდელობისა და ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალიც. ის ასევე პირველი პირია ქვეყანაში, რომელიც ტერორიზმის მუხლით ცნეს დამნაშავედ.

"შენ ისეთი დანაშაული ჩაიდინე, რომ მაშინაც კი, თუ ციხეში სიკვდილამდე იქნები, სასჯელი საკმარისი არ იქნება". – თქვა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

სასჯელის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ამიერიდან ტარანტის ნახვის, მისი მოსმენის ან მასზე ფიქრის საფუძველი აღარ არსებობს:

"ეს ნიშნავს, რომ მას არ ექნება ცნობადობა, პლატფორმა. იმედი მაქვს, რომ დღეს იყო უკანასკნელი დღე, როდესაც ამ ტერორისტის სახელი გავიგეთ ან წარმოვთქვით". – თქვა მან.

ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდასხმა 2019 წლის 15 მარტს მოხდა. ტარანტი ნახევრად ავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და თავდასხმას ფეისბუქ ლაივში გადასცემდა.

ტარანტმა თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტისაემიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს.

თავდასხმის შემდეგ ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დიდი ნაწილი აიკრძალა.

კომენტარები