ლატვია-ბელარუსი

ლატვიის პრეზიდენტმა ბელარუსი ხალხის სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მიიღო [VIDEO]

23 აგვისტოს ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა, მონაწილეობა მიიღო რიგაში ბელარუსის პროდემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერ აქციაში.

"31 წლის წინ მონაწილეობა მივიღე ბალტიის გზის [ცოცხალ ჯაჭვში] და მაშინ კარგად გვესმოდა, თუ რას ნიშნავდა საგარეო მხარდაჭერა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული მოძრაობისთვის. ვფიქრობ, ჩვენი, როგორც სამოქალქო და თავისუფალი საზოგადოების ვალია, მხარი დავუჭიროთ ბელარუსი ხალხის დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსის მოთხოვნას. იმ დროს ჩვენმა მოძრაობამ გაიმარჯვა და ვიმედოვნებთ, რომ ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობაც მიაღწევს თავის მიზანს," – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. 

ლევიტსს ბელარუსის თეთრი-წითელი-თეთრი დროშის მსგავსად, თეთრი პერანგი ეცვა და წითელი ჰალსტუხი ეკეთა.

ბალტიის გზის 31-ე წლისთავზე ბალტიის ქვეყნებში და სხვა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში 30-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

პარალელურად მინსკში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც ჩატარდა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამდე, სანამ არ შესრულდება სამი მოთხოვნა – ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა.

მინსკში დამოუკიდებლობის მოედნიდან მშვიდობიანმა მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. ტერიტორიას სპეცრაზმი იცავდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ადმინისტრაციაში ალექსანდერ ლუკაშენკო ვერტმფრენით ეშვება ავტომატით ხელში.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს, ლიტვაში 24 აგვისტოს შეხვდება.

კომენტარები