ენზელ მკოიანი

ენზელ მკოიანის ძმაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება აფეთქების მუხლით დაიწყო

ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე, აფეთქების მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო - ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.

მკოიანის მანქანა ახალქალაქში რამდენიმე საათის წინ ააფეთქეს.

დეპუტატი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ტელეფონზე ლაპარაკისას ის ამბობს, რომ ივლისში რამდენჯერმე დაურეკეს და უთხრეს, რომ, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მის ახლობელ ადამიანს საფრთხე დაემუქრება. განცხადება მუქარების შესახებ მკოიანის ადვოკატმა ადრეც გაავრცელა.

ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა დეპუტატის ძმაზე თავდასხმა 26 მარტის შემთხვევას, როცა ახალქალაქში მკოიანი და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ.

კომენტარები