ბელარუსი

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ალექსანდრ ლუკაშენკო
TASS

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერმინისტრის პოზიცია კვლავ რომან გოლოვჩენკომ დაიკავა. ინფორმაციას ბელარუსული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატამ.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები თითქმის არ შესულა. ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებმა თანამდებობები შეინარჩუნეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კვლავ იური კარაევი დაიკავებს. თავდაცვის მინისტრი კი ისევ ვიკტორ ხრენინი იქნება.

რომან გოლოვჩენკოს მეთაურობით წინა ხელისუფლება 15 აგვისტოს გადადგა, რაც პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ბელარუსის კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალობაა.

პარალელურად უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს ევროკავშირი, კანადა, ირლანდია და ლიტვა. ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი ბელარუსს ხელახალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არჩევნების გაყალბებასა და მომიტინგეებზე ძალადობაში ჩართულ პირებს სანქციებს მალე დაუწესებს.

კომენტარები