ამერიკულმა კომპანიამ Oracle-მა, შესაძლოა, TikTok-ის ამერიკული, კანადური, ავსტრალიური და ახალი ზელანდიური აქტივები შეიძინოს. კომპანიის გეგმა მოიწონა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ Oracle-ი “ძალიან კარგი კომპანიაა” TikTok-ის საყიდლად.
გასულ კვირას დონალდ ტრამპის ბრძანების თანახმად, TikTok-ის მფლობელი კომპანია ვალდებული გახდა 90 დღის ვადაში ამერიკული კომპანიისთვის მიეყიდა TikTok-ის ამერიკული ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ში სოცმედიააპლიკაცია აიკრძალება.
Oracle-ის თავჯდომარე ლარი ელისონი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.
თვის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ აპლიკაცია TikTok-ის ამერიკულ ნაწილს ამერიკული კომპანია იყიდის, მთავრობამ გარიგებიდან წილი უნდა მიიღოს.
"აშშ-მ ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებდა ჩემ გარდა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია". – თქვა ტრამპმა.
კომპანია Oracle-ს გარდა TikTok-ის ამერიკული ნაწილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებდა Microsoft-იც.
აპლიკაციას ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს. ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩინეთის მთავრობას ამ აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლების, მათ შორის ამერიკელების, პირადი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია და ამის გამო მის აკრძალვას გეგმავენ. ტრამპმა თქვა, რომ, თუ აპლიკაციის შეძენაზე ამერიკული კომპანია მოლაპარაკებებს 15 სექტემბრამდე არ დაასრულებს, TikTok-ი ამერიკაში აიკრძალება.
TikTok-ის წარმომადგენლების განცხადებით, ის ByteDance-ისგან დამოუკიდებლად მუშაობს და არ დაემორჩილება ჩინეთის თხოვნას, გადასცეს მას მომხმარებლების პირადი მონაცემები ან ცენზურა დაადოს აპლიკაციაში განთავსებულ ვიდეოებს. კომპანიის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნა ჩინეთის ხელისუფლებისგან არც მიუღია. TikTok-ის ხელმძღვანელის, კევინ მეიერის თქმით, აპლიკაციის მომხმარებელთა ინფორმაცია ჩინეთის სერვერებზე არ არის შენახული. მაგალითისთვის, აშშ-ში მცხოვრები TikTok-ის მომხმარებლების ინფორმაცია აშშ-ში არსებულ სერვერებზე ინახება.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჰონგ-კონგში უშიშროების ახალი კანონი მიიღო, რომლითაც პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში, ხოლო კომპანიებს მოუწევთ პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისით, TikTok-ი ჰონგ-კონგიდან გავიდა.