ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ტიხანოვსკაია ბელარუს ხალხს მიმართავს: მზად ვარ გავხდე ეროვნული ლიდერი

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელორუსი ხალხისთვის კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა რთულ პერიოდზე, რომლის გადატანაც ახლა ბელარუსს უწევს. მწუხარება გამოთქვა დემონსტრანტების დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ყველა ბელარუსი მხარში უნდა დაუდგეს ახალგაზრდა გმირების ოჯახებს. ტიხანოვსკაიამ ისაუბრა თავის პოლიტიკურ კარიერაზე, აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ლიდერად გახდომა არასოდეს ყოფილა მისი მიზანი, მაგრამ მზადაა, რთულ პერიოდში გახდეს ქვეყნის ნაციონალური ლიდერი და ცვლილებებისკენ გაუძღვეს ბელარუსს.

“თქვენ მომეცით თქვენი ხმები, ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ ეს. ჩვენ ყველას გვინდა ამ დაუსრულებელი წრიდან ასვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ დროს გავხდე ეროვნული ლიდერი, იმისთვის რომ ქვეყანა დაწყნარდეს, შევიდეს ნორმალურ რიტმში, რომ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი და უსწრაფეს ვადებში მოვამზადოთ საკანონმდებლო საფუძველი და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის. რეალური სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რომლებსაც უკამათოდ მიიღებს მსოფლიო საზოგადოება.”

ტიხანოვსკაიამ აღნიშნა ბელარუსების სამაგალითო გმირობა, სოლიდარობა, პატიოსნება. ბელარუსებმა მსოფლიოს აჩვენეს მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეის ერთგულება, აჩვენეს, რომ სიმართლე სულის სიმტკიცის, გულწრფელობის, პატიოსნებისა და სიმამაცის მხარესაა და არა ძალისა და იარაღის. ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბელარუსი აუცილებლად მიიღებს მხარდაჭერას მსოფლიო საზოგადოებისგან და დაეხმარება ამ რთული პერიოდის გავლაში.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია არ დაიკარგოს ის ენერგია, დადებითი ცვლილებები და გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომელიც ახლა შეიქმნა და რომლითაც ბელარუსებს შეუძლიათ ქვეყანა შეცვალონ.

“ახლა არ გვაქვს უფლება დავკარგოთ ის ენერგია, ის დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში, ის გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომელიც მოვიპოვეთ და რომლითაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა შევცვალოთ. ქვეყნიდან, რომელსაც კორუფცია და ძალადობა მართავს, ვაქციოთ იმ ქვეყნად, სადაც კეთილდღეობა და უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებაა”.

ტხანოვსკაიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი ბელარუსის თავისუფლებაა. ეს ის მუდმივაა, რომელი არანაირ პირობებში არ შეძლება დაიკარგოს.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიმართა სამართალდამცავებს. მისი თქმით, თუ ისინი არ შეასრულებდნენ ბრძანებებს და გადავიდოდნენ ხალხის მხარეს, ხალხი მათ აპატიებდა და მხარს დაუჭერდა.

“დღეს, როგორც არასდროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალა და მოთმინება. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას მათ, ვინც თავიანთ უფლებებს მშვიდობიანი გზებით იცავს, მათ შორის მშვიდობიანი მიტინგებით და გაფიცვით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს, ვავლენთ სოლიდარობას, არ ვტოვებთ ერთმანეთს გასაჭირში. და მთელი მსოფლიო იმედითა და აღფრთოვანებით გვიყურებს და მზადაა დაგვეხმაროს, როგორც მთლიანად ქვეყანას, ასევე თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი ძალა საკუთარი თავისა და ერთმანეთის რწმენაშია. გახსოვდეთ, მხოლოდ ერთად შევძლებთ ავაშენოთ ქვეყანა ცხოვრებისთვის.” – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თავის ვიდეო მიმართვაში.

9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტი ბელარუსში გრძელდება. გუშინ, 16 აგვისტოს, გაიმართა აქცია-მსვლელობა “მშვიდობის მარში”, რომელშიც 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობს. ბელარუსის მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიციის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები