აქცია ბელარუსში

მერკელი ბელარუსში დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

The National

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მომიტინგეების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 13 აგვისტოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე წნეხი უნდა გაზარდოს. 

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან. ქალაქ ჟოდინის იზოლატორთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გათავისუფლებულებს საკუთარი მანქანებით სახლში წაყვანა შესთავაზეს.

აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

მე-5 დღეა, ბელარუსში აქციის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.2% აიღო. აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

 

კომენტარები