სავალდებულო კარანტინი

კანდელაკი: თუ თანამდებობის პირს შეუძლია შემოვიდეს ტესტით, რა დააშავეს ჩვენმა მოქალაქეებმა

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას მიერ ქვეყანაში, სავარაუდოდ, კარანტინის გავლის გარეშე შემოსვლაზე აღნიშნავს, რომ ეს უსამართლობა და დისკრიმინაციაა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. კანდელაკი ამბობს, რომ, თუ თანამდებობის პირს შეუძლია,  შემოვიდეს ქვეყანაში ტესტით, მაშინ რა დააშავეს ჩვენმა მოქალაქეებმა.

"როგორც ჩანს, ქალბატონი ქაცარავა შემოვიდა ტესტირებით, რა თქმა უნდა, ევროპული საქართველო არ ამბობს, რომ ელჩები კარანტინში უნდა ისხდნენ. არ უნდა ისხდნენ, მაგრამ, თუ შეუძლია თანამდებობის პირს, როგორც სულ ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა მინისტრ ზალკალიანთან, შემოვიდეს ქვეყანაში ტესტით "გაუმწვანებული" ქვეყნიდან, ესე იგი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობა არ მიიჩნევს უსაფრთხოდ - და ასეთია დღეს დიდი ბრიტანეთი, - მაშინ რა დააშავეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან ქვეყნებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობა მიიჩნევს უსაფრთხოდ და, მიუხედავად ამისა, მათ მაინც ავალდებულებს, რომ გაიარონ იძულებითი კარანტინი. მაშინ, როცა იმ "გამწვანებული", ესე იგი უსაფრთხოდ გამოცხადებული, ქვეყნების მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ არაფერი.

ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი უსამართლობა და, ფაქტობრივად, ეს არის საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ერთგვარი აკრძალვა.

იგივე იყო სოზარ სუბარის შემთხვევაშიც, როდესაც იგი მესტიიდან გამოვიდა ტესტით, სხვები კი ჩასვეს კარანტინში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დისკრიმინაცია". – ამბობს გიორგი კანდელაკი ტაბულასთან საუბარში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, სოფიო ქაცარავა ქვეყანაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდატაბულასთან საუბარში სოფიო ქაცარავამ დაადასტურა, რომ ის ამჟამად საქართველოში იმყოფება.

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე ბრიუსელიდან შემოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. ეს ყოველივე იმ ფონზე, როდესაც "მწვანე ქვეყნების" სიაში შეყვანილი 5 სახელმწიფოდან შემოსვლის შემთხვევაშიც კი საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.

კომენტარები