რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საბჭოთა ბავშვების საყვარელი გმირი დღეს არა რუსეთის, არამედ იაპონიის მოქალაქეა. ანიმაციური ფილმების სტუდიამ Союзмультфильм-მა საავტორო უფლებები SP International-ს 2004 წელს სასაცილო თანხად, $30 000-ად მიჰყიდა. რუსი გმირი, რომელიც სამშობლოში მხოლოდ საბავშვო ბაღებსა და სადღესასწაულო ცენტრებში მოღვაწე ანიმატორებისთვის წარმოადგენდა ინსპირაციის წყაროს, ემიგრაციაში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. სანამ „საბჭოთა მიკი მაუსის“ ახალ ცხოვრებას შევეხებით, თვალი გადავავლოთ მის წარსულს.
ჩებურაშკა საბჭოთა მწერლის, ედუარდ უსპენსკის ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც პირველად 1966 წელს გამოსულ წიგნში - „ნიანგი გენა და მისი მეგობრები“(Крокодил Гена и его друзья) გამოჩნდა. ვინი პუხის საუკეთესო ტრადიციებში დაწერილმა საბავშვო წიგნმა პოპულარობა მალე მოიპოვა. 1969 წელს უსპენსკის სცენარის მიხედვით რომან კოჩანოვის მიერ გადაღებული პირველი ანიმაცია - „ნიანგი გენა“(Крокодил Гена) გამოვიდა. ლიტერატურული პერსონაჟები ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ. საბჭოთა ეპოქაში სულ ოთხი მულტფილმი გადაიღეს. უსპენსკიმ და კოჩანოვმა ერთობლივი ძალებით რამდენიმე პიესაც დადგეს. გულუბრყვილო, ზოგჯერ სულელმა, მაგრამ გულკეთილმა მეგობრებმა, ნიანგმა და ყურშამ სახატავ ალბომებში, სტიკერებში, მარკებში, საბავშვო ზეიმებში გადაინაცვლეს. დღევანდელი გადმოსახედიდან გენა და ჩებურაშკა წარმატებულ, გაყიდვად ფრენჩაიზად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაკოტრების პირას მყოფ Союзмультфильм-ს ახალი მულტფილმების გადასაღებად რესურსები არ ჰქონდა, ხალხში გენა და ჩებურაშკა მივიწყებას არ მისცემია. 2004 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ოლიმპიური ნაკრების ოფიციალური თილისმა ჩებურაშკაა. 2016 წელს, Союзмультфильм-ის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩებურაშკას თოჯინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა.
90-იანებში ფრენჩაიზი კიდევ უფრო გაიზარდა, გამოჩნდა ორცხობილები, თაფლკვერები, შოკოლადები და სხვა საბავშვო პროდუქცია, რომელსაც ნაცნობი გმირების სახელები და ვიზუალი აფორმებდა. დაიწყო დავა საავტორო უფლებებზე, რომელშიც როგორც წიგნის ავტორი, ედუარდ უსპენსკი, ისე ანიმაციის რეჟისორი, რომან კოჩანოვი ჩაერთნენ.
ბრენდი აგრძელებდა არსებობას, თუმცა მთავარი გმირები რეალურად „უმუშევრები“ იყვნენ. აღარ გამოდიოდა ანიმაციები. ფრენჩაიზით იაპონელები დაინტერესდნენ, 2004 წელს ჩებურაშკა და მეგობრები იაპონიაში მიემგზავრებიან.
სატელევიზიო არხ TV Tokyo-ზე 26-ეპიზოდიანი ანიმე - Cheburashka Arere?(ვინ ხარ ჩებურაშკა?) გამოდის. უცნაურ მთავარ გმირს იაპონელი მაყურებელი მარტივად „უმუღამებს“. მოკრძალებული, მარტოხელა, გაუგებარი წარმოშობის ჩებურაშკა ძალიან ორგანულია ანიმესთვის. 2010 წელს ძველი საბჭოთა სერიების განახლებული, იაპონური ვერსია გამოდის, შექმნაში რამდენიმე რუსი ანიმატორიც იღებს მონაწილეობას. 2020 წელს კი კომპანია ეთერში პირველ 3D მოკლემეტრაჟიან მულტფილმს უშვებს. მთლიანობაში SP International-ისთვის შენაძენი ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ Союзмультфильм-ს დივიდენდები მხოლოდ გაქირავებიდან შემოსდის, ძირითად ფულს კი ამჟამინდელ მფლობელები სათამაშოების, მანგების და სხვა აქსესუარების გაყიდვით შოულობენ.
წამგებიან პირობებზე დათანხმებული რუსული მხარე ხმას მხოლოდ 2020 წელს იღებს. სტუდიის მმართველობის თავმჯდომარე იულიანა სლაშევა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იაპონურ მხარეს ხარისხზე ედავება:
„მთლიანობაში, ჩვენი გმირების 3D გამოსახულების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ახალი ეპიზოდის ხარისხი, რომელიც იაპონელებმა გააკეთეს, არ მომეწონა. ვწუხვარ, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. ვფიქრობ, პრობლემა სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე უნდა გადაწყდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩებურაშკას დაბრუნების საკითხით სერიოზულად ვართ დაინტერესებულები“. - ამბობს სლაშევა.
საავტორო უფლებები იაპონურ მხარეს 2023 წლამდე აქვს ნაყიდი, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ უნდა მოაგვაროს „სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე“ ჩებურაშკას საკითხი სლაშევამ. თუმცა, პატრიოტულ შემართებას საზოგადოების დიდი ნაწილი ტაშით შეხვდა. განსხვავებული აზრი კაჩანოვის შვილმა გამოთქვა:
„მიხარია, რომ რუს უნიჭო პარაზიტებს ჩებურაშკაზე ხელი არ მიუწვდებათ, უნიჭობა და სიხარბე კიდევ ერთ მძ***რ გაგრძელებას მოგვცემს. მირჩევნია, ისევ იაპონელებს ჰქონდეთ“. - ამბობს გარდაცვლილი მულტიპლიკატორის შვილი.
რით დასრულდება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში ტროლებმა ახალი კურილები შეარქვეს, უცნობია. დიდი ალბათობით, სლაშევას გულზე მჯიღის რტყმას, რომლის მიზეზი მისი წინამორბედების სულელური გადაწყვეტილებაა, არაფერი მოჰყვება და ჩებურაშკა 2023 წლამდე იაპონიის რეზიდენტი დარჩება.