2008 წლის აგვისტოს ომი

МИД: რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში მიმოხილულია აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული ღია სამხედრო აგრესია. 

ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით იყო განპირობებული, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. 

МИД-ის პოზიციით, 12 წლის წინანდელი მოვლენების მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ "საერთაშორისო კონფლიქტებისა და დავების ძალადობრივი გადაწყვეტილების მცდელობები უაზრო და კონტრპროდუქტიულია."

განცხადებაში ასევე, საუბარია, რომ "რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა მეგობრულ კავშირებს, ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთანაც ერთად რუსმა ერმა ერთიან სახელმწიფოში არაერთი ასწლეულის განმავლობაში იცხოვრა."

აქვე აღნიშნულია, რომ "არსებული უთანხმოებების გადაჭრა და ორმხრივი კავშირების გაძლიერება ორივე ერის ინტერესებშია."

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები