ეროვნული ბანკი

გვენეტაძე: ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80%-ით შემცირდება

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორი კობა გვენეტაძე ამბოს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისის მთავარი მახასიათებელი მაღალი გაურკვევლობაა და ეს განსაკუთრებით ტურისტულ ნაკადებს ეხება. მისი თქმით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 80-პროცენტიანი კლებაა მოსალოდნელი.   

"რადგანაც ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვევლია, ჩვენ პრონოზებში ვინარჩუნებთ კონსერვატიულ მიდგომას.

შესაბამისად, ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს იმას, რომ საბაზრო სცენარის მიხედვით, წინა წელთან შედარებით 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება". - თქვა გევენტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას,  Air Baltic-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს ჯერჯერობით კვირაში ერთხელ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ, "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ, მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები