იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჯანეზაშვილი: თამარ ღვამიჩავას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მოსამართლეთა კლანისთვის

ნაზი ჯანეზაშვილი, თამარ ღვამიჩავა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტის მიერ საბჭოში თამარ ღვამიჩავას დანიშნვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცვალებადი პოლიტიკური სიტუაციის პირობებში ღვამიჩავას მოსამართლეთა კლანისთვის გადამწყვეტი საყრდენის მნიშვნელობა ექნება.

"პრეზიდენტმა არ წარმოადგინა დასაბუთება იმის შესახებ თუ რატომ აირჩია მან მაინცდამაინც თამარ ღვამიჩავა, მაგრამ ჩემი შეფასება ასეთია: თამარ ღვამიჩავას ექნება გადამწყვეტი საყრდენის მნიშვნელობა კლანისთვის, ვინაიდან მოსამართლეები ინიშნებიან ათი ხმით, ანუ ცხრა მოსამართლე წევრს პლუს ერთი არამოსამართლე წევრი. ვინაიდან საპარლამენტო არჩევნების წელია და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამრთლე წევრს ნელ-ნელა, ეტაპობრივად გასდის უფლებამოსილების ვადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანმა არ იცის, თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში და არ არის დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება მოაგროვებს ზუსტად ოთხმოცდაათ ხმას პარლამენტში, რომელიც საჭიროა არამოსამართლე წევრის ასარჩევად. სწორედ ამ ვითარებაში კლანისთვის უპირობოდ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ღვამიჩავას არსებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში". – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

თამარ ღვამიჩავა დღეს, 31 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დასწრებია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის შემცვლელად თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

ღვამიჩავა საბჭოს არამოსამართლე წევრი მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება.

ვინ არის თამარ ღვამიჩავა, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები