აშშ-ჩინეთი

Reuters: ჩინელი ჰაკერების სამიზნე COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკული კომპანია გახდა

Reuters

აშშ-ს უშიშროების სამსახურების ცნობით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. Moderna COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებისთვის კვლევებში წამყვანი ამერიკული კომპანიაა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters.  

გასულ კვირას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული ჩინეთის ორი მოქალაქის საბრალდებო ოქმი გაასაჯაროა. ოქმის თანახმად ჩინელი ჰაკერები მასაჩუსეტსში არსებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის კომპიუტერულ ქსელს ზვერავდნენ. კომპანია იანვარში COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობდა. ჰაკერების სამიზნე გახდა კიდევ ორი კომპანია კალიფორნიასა და მერილენდში. Moderna-ს გარდა ამ ორი კომპანიის სახელები არ საჯაროვდება.

საბრალდებო ოქმის თანახმად, ლი სიაოიუ და ტონგ ძიაჭი უკანასკნელი ათი წელის განმავლობაში ჰაკერულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები. პროკურორების თქმით ისინი ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდნენ და უკანასკნელ პერიოდში მათი სამიზნე COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე კვლევითი ცენტრები გახდა.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით კომპიუტერული ქსელის დაზვერვა ფართო აქტივობებს მოიცავს. მათ შორისაა საიტების სუსტი მხარეების ძებნა, მნიშვნელოვანი ანაგრიშების გამოაშკარავება და ა.შ.

Moderna-მ, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინის საკუთარი ვერსია იანვარში წარადგინა, Reuter-ს დაუდასტურა, რომ ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობდა და ჰქონდა ინფორმაცია ჰაკერების მოქმედების შესახებ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინაზე ამყარებს ყველაზე დიდ იმედს. ვაქცინის კვლევებისთვის ფედერალური ხელისუფლება კომპანიას თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით აფინანსებს და ეხმარება ვაქცინის კლინიკური ტესტირების ორგანიზებაში. ტესტირებაში 30 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ვაქცინის შემუშავებაზე ჩინეთიც აქტიურად მუშაობს. პროცესში ჩართულია სახელმწიფო, სამხედრო და კერძო სექტორები.

ჩინეთი Moderna-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და ბრალდებებს უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს.

კომენტარები