ანაკლიის კონსორციუმი

თურნავა: ანაკლიის კონსორციუმს პრეტენზია მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ უნდა ჰქონდეს

ეკონომიკის სამინისტრო

"როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია", - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბირტრაჟში დავა დაიწყო.

"ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და, თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ“ - ამბობს თურნავა.

აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟში ორი სარჩელია შესული. მათ შორის ერთი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა შეიტანა, მეორე კი ბობ მეიერსმა, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი იყო. არბიტრაჟში შეტანილ სარჩელებში კონსორციუმი საქართველოს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 

საქართველოს მთავრობამ შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. 

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, არბიტრაჟში საქმის წარმოება მარტში უნდა დაწყებულიყო. 

კომენტარები