სასამართლო სისტემა

საკონსტიტუციომ მოსამართლეების შერჩევის წესზე ომბუდსმენის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლო

2020 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელები, რომლითაც ომბუდსმენი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის წესს ასაჩივრებდა.

სარჩელით განისაზღვრებოდა კანდიდატთა შერჩევის თითოეულ ეტაპზე კენჭისყრის პირობები, შესარჩევ კანდიდატთა ოდენობა და, თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში, უპირატესობის მინიჭების წესი. ამასთან, მოწესრიგებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის ვერ არჩევის შემთხვევაში, არსებული ვაკანსიის შესავსებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის ხელახლა წარდგენის წესი.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადების მიხედვით, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიანი პროცედურებით განხორციელებას, რადგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატები შეირჩევა ფარული კენჭისყრით და აღნიშნული გადაწყვეტილება არ საბუთდება, რაც შესაძლებელეს ხდის, საბჭოს წევრთა მიერ ისეთი კანდიდატები იქნენ შერჩეულნი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს.

სარჩელის მიხედვით ამგვარი პროცედურა ართულებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიკერძოების შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც არღვევს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. იმავდროულად, მოსარჩელეთა განმარტებით, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების საფუძველზე შექმნილ და დაკომპლექტებულ სასამართლოს გააჩნია კონსტიტუციურ-სამართლებრივი ლეგიტიმაცია, რასაც ეჭვქვეშ აყენებს ზემოხსენებული პროცედურა და, შესაბამისად, იწვევს ნებისმიერი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

მოპასუხე მხარემ, ანუ საქართველოს პარლამენტმა, განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა არ არის კონკურსი - ის პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესია, რაც გამორიცხავს მასზე საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლების გავრცელებას. ამასთანავე, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს არა საუკეთესო, არამედ იმ კანდიდატის შერჩევა, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმის მიცემის ფარულობა იცავს საბჭოს წევრს გარე ფაქტორების ზეგავლენისაგან.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით (საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება) დაცული უფლების მოთხოვნები. სასამართლომ ხაზი გაუსვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაში საქართველოს პარლამენტის გადამწყვეტ როლს და აღნიშნა, რომ ხსენებული პროცესი, მიუხედავად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგინების ეტაპის არსებობისა, არჩევითი თანამდებობის ელემენტებით ხასიათდება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურისთვის დადგენილი სტანდარტები ვერ იქნება სრულად რელევანტური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მიუთითებს, რომ ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესწევს უნარი, კანდიდატთა შერჩევის პროცესში იხელმძღვანელოს მარტოოდენ კონსტიტუციის მოთხოვნებით. ამასთან, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა უმაღლეს ლეგიტიმაციას სძენს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულ პირებს.

სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის რამდენიმე ეტაპის არსებობა და ყველა ეტაპზე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გამოკვლევისა და ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობა, საბოლოოდ, განაპირობებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატთა წარდგენის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი გადაწყვეტილება არ საბუთდება. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კენჭისყრის ფარულობა ძირითადად ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირის დაცულობას. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რატომ უზრუნველყოფს კენჭისყრის ღიაობა პროცესის უფრო მეტად კონსტიტუციურ ფარგლებში წარმართვას, ვიდრე ფარულობა.

სასამართლომ კანდიდატთა მიერ თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების წესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ პირის სპეციალობით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მისი კვალიფიკაციის ხარისხობრივი მსაზღვრელი და ობიექტური კრიტერიუმია და არ ქმნის კანდიდატთა უფლების თვითნებურად შეზღუდვის საფუძველს. ამრიგად, სასამართლომ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან შეუსაბამოდ არ მიიჩნია.

სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედ კონსტიტუციურ სამართლებრივ წესრიგში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების ნიშნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ყველა იმ პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ, ვის საქმესაც სადავო ნორმების საფუძველზე შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ სარჩელზე განსხვავებული აზრი გამოხატეს მოსამართლეებმა: ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, თეიმურაზ ტუღუშმა და თამარ ცაბუტაშვლმა . მათი დასაბუთება მოგვიანებით გამოქვეყნება.

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩია უვადოდ. მათთან გასაუბრების და შერჩევის პროცესში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელ რიგ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობდნენ. შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

კომენტარები