თბილისის მერია

კალაძე: არ ვკრძალავთ მანქანებს, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საზ. ტრანსპორტის განვითარებას

თბილისის მერია

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა მორგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე.

მისი თქმით, ქალაქში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. კალაძის თქმით, ეს მიდგომა დამღუპველიც იქნება.

"ბევრჯერ გვითქვამს, რომ იმის გაგრძელება, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, შეუძლებელია.

თბილისში 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება. ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ახალი ავტომობილი შეიძინონ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება, ჩვენი რელიეფიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე.

ასევე, ისმის კითხვები, რატომ არ შეიძლება გზების გაფართოება? ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის და ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“. – თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დედაქალაქის მერია თბილისში კერძო ავტომანქანებს კრძალავს, სწორი არ არის. კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

" ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლიანობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით - ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული". – თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, წლის ბოლომდე ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება და ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან.

"ბევრი კითხვა ისმოდა - ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით.

ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, კერძო ავტომობილით გადაადგილებას ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ჩვენ ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი“. – თქვა მერმა.

კომენტარები