აშშ-რუსეთი

ავსტრიაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებები გრძელდება

27 ივლისს ვენაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.

2013 წლის შემდეგ პირველად მოლაპარაკებებისას განიხილება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხი.

აშშ-მ წამოაყენა კანონების მიღების იდეა, რომლებიც ომის თაობაზე არსებულ კანონებზე, პროპორციულობის და ჰუმანურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ კოსმოსში იარაღის აკრძალვის თაობაზე ხელშეკრულების დადებას, თუმცა აშშ წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს აკრძალავს ისეთი ტიპის იარაღის სისტემებს, რომელთა განსაზღვრაც რთულია და არ შეეხება კონკრეტული ტიპის ქმედებებს, რაც, მათი აზრით, მიუღებლად უნდა ჩაითვალოს.

გასულ კვირას აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი კოსმოსში ჭურვების მსგავსი იარაღის გამოცდაში დაადანაშაულეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია ორბიტაზე ანტისატელიტური იარაღის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება. აშშ რუსეთს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს, რადგან ისინი მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება იარაღზე კონტროლის შესახებ კოსმოსზეც გავრცელებულიყო.

"რუსეთის მიზანია, შეზღუდოს აშშ-ს შესაძლებლობები და თავად აშკარად არ გეგმავს კოსმოსური პროგრამის შეჩერებას". – თქვა კრისტოფერ ფორდმა, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და იარაღზე კონტროლის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ახალ ტექნოლოგიას რუსეთის კოსმოსური დანადგარების ქმედითუნარიანობის გამოსაცდელად იყენებენ. სატელიტის გამოცდა 15 ივლისს ჩატარდა.

კოსმოსის მილიტარიზაციის პრევენციის საკითხს ერთი დღე დაუთმეს, მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი მხარეები ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მონაწილეობს, აშშ-ის მხრიდან კი - პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მარშალ ბილინგსლეა.

პირველი რაუნდის შემდეგ ბილინგსლეამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START) ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. აშშ-ს სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ჩართული იყოს ჩინეთიც. მათ ჩინეთი დისკუსიაში ჩასართველად არაერთხელ მიიწვიეს, თუმცა მოლაპარაკებებში ჩინეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყალქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

გასული წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც. პუტინი დაიმუქრა, რომ, თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას მცირე დროში გახდის შესაძლებელს. 

კომენტარები