წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება

ღვინჯილიას ადვოკატი: მე-2 დაკავებულს ათხოვა მანქანა, ის რომ მოვიდა, სიგარეტით დატვირთული იყო

მთავარი/კადრი ვიდეოდან

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას ადვოკატი ბაჩო ყურაშვილი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ მანქანა მასთან ერთად დაკავებულ პირს ათხოვა, ხოლო როდესაც ის დაბრუნდა, სიგარეტით იყო დატვირთული.

"აღნიშნა, რომ მას არ აქვს შეხება ამ საქმესთან და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ამბობს, რომ თვითონ არ შეუძენია. მასთან ერთად, მოგეხსენებათ, მეორე პირიც არის დაკავებული და როგორც ჩემთვის ცნობილია, მეორე პირი, ვინც არის დაკავებული ბატონ თემურთან ერთად, აცხადებს, რომ მის მიერ მოხდა სიგარეტის შეძენა.  

რაც შეეხება ავტომანქანას, კი ბატონო, ავტომანქანა არის სამსახურის. ავტომანქანა დატვირთული იყო, როდესაც ის პირი მოვიდა, ვისთანაც არის დაკავებული. აღნიშნა, რომ მცირე დროით ათხოვა მანქანა, რომ მოვიდა, ამის შემდეგ საჭესთან დაჯდა და ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება", - ამბობს ყურაშვილი მთავართან ინტერვიუში. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დღეს, 26 ივლისს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკისას 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. მასთან ერთად არის დაკავებული ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც. 

საქმეზე გამოძება მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები