არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე ცრუობს, რომ აშშ-ს კონგრესმა საქართველოს დახმარების წინაპირობებიდან პუნქტები ამოიღო

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა ქრონიკაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საგარეო ოპერაციების კანონპროექტის დამტკიცებაზე გააკეთა კომენტარი, რომლითაც, შესაძლოა, საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს. თალაკვაძე ამბობს, რომ კანონპროექტში მთავარი ყურადღება საპარლამენტო არჩევნებზეა გამახვილებული და კანონპროექტიდან ამოიღეს პუნქტები, რომლებიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდა:

"მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ უკვე, მას შემდეგ, რაც კენჭისყრები ჩატარდა წარმომადგენელთა პალატაში, რომ ამ გადაწყვეტილებებით ამერიკის კონგრესის მთელი ყურადღება რჩება საპარლამენტო არჩევნებზე. კენჭისყრამდე კანონპროექტიდან ამოიღეს ორი პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდა, ვინაიდან, ორივე მიმართულებით, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, გავატარეთ რეფორმები და მივიღეთ ძალიან პროგრესული კანონმდებლობა. კონგრესის მიერ მიღებულ ამ საკანონმდებლო აქტებში მთელი ყურადღება არის კონცენტრირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე."

თუმცა, მისი განმარტება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კანონპროექტში, რომელიც კონგრესში პირველ ივლისს შევიდა, საქართველოს დახმარების ნაწილში ცვლილება არ შესულა და კვლავაც სამ პუნქტს მოიცავს. ესენია:

(ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც აქტის თანმხლებ ანგარიშშია გაწერილი.

(ბ) მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენება.

(გ) იმის უზრუნველყოფა, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოური ბიზნესების თავისუფლად, შევიწროების გარეშე ოპერირების უფლება, რათა სრულად მოხდეს იმ კომერციული და ფინანსური სარგებლის რეალიზება, რაც საქართველოში გაკეთებული ინვესტიციიდან მომდინარეობს.

ამ პუნქტებში მართლაც არ არის საუბარი მედიასა და ოპოზიციურ პარტიებზე, ვინაიდან ამაზე ნათქვამია არა უშუალოდ კანონპროექტში, არამედ კანონპროექტის განმარტებაში, სწორედ იმ აქტის თანმხლებ დოკუმენტში, რომელიც პირველ პუნქტშია ნახსენები. საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ნიტა ლოუის მიერ მომზადებულ დოკუმენტში კი წერია:

"სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით."

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ კანონპროექტის ფოკუსს მხოლოდ არჩევნები წარმოადგენს, ხელისუფლება ხვდება, რაზეა საუბარი და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი ზუსტად ემთხვევა იმ პრიორიტეტს და იმ სულისკვეთებას, რაც საქართველოს აქვს. პარტნიორები ამბობენ, რომ საქართველომ უნდა ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ აქ ყველა ვხვდებით, რაზეა საუბარი. ვხვდებით, რომ საქართველომ არა მხოლოდ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს, საქართველომ უნდა ჩაატაროს უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე, კოვიდისგან უსაფრთხო და თანაც არსებითად პროპორციული არჩევნები. ამაზეა საუბარი და ყველა ვხვდებით, რომ განსაკუთრებული ყურადღება არის მოპყრობილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ ეს არჩევნები მართლაც იყოს გარდამტეხი და სამაგალითო". - ამბობს თალაკვაძე.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა 244 ხმით 189-ის წინააღმდეგ.

კომენტარები