აშშ-საქართველო

ელჩი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, სენატორ რიშის გზავნილს სერიოზულად მოვეკიდოთ

სქრინი ვიდეოდან/ტაბულა

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აშშ-ს სენატის მიერ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას ეხმაურება. 

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს იმას, რომ კანონპროექტში სენატორ ჯეიმს რიშის შესწორებები შეტანილი არ არის, ელჩი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის სრულად წაკითხვა. 

"იქ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარია საქართველოს მიღწევებთან დაკავშირებით და რისი ნახვა სურს შეერთებულ შტატებს საქართველოს მხრიდან მისი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია და ყოველთვის, როდესაც თქვენ იღებთ გზავნილს სენატორი რიშისგან ან სენატორი შაჰინისგან, კონგრესის წარმომადგენლებისგან, ვინც სიღრმისეულად ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე, მნიშვნელოვანია, მას სერიოზულად მოვეკიდოთ, ვინაიდან ეს არის ხალხი, ვინც იცნობს საქართველოს და ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე". – ამბობს ელჩი კელი დეგნანი. 

ელჩის ამ კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს

23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომლითაც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

აქტი შეეხება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო აქტივობებს, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვით ქმედებებს. ის 21 ივლისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ.

მასში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად უნდა გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირების მიმართულებით და ეს უკრაინის და საქართველოს ჩართულობით უნდა მოხდეს.

თავდაცვის აქტში ცვლილება დაარეგისტრირა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა. ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხებოდა, თუმცა კონგრესმა აქტი ამ შესწორების გარეშე მიიღო - მისი შესწორებებისთვის კენჭი, ამ ეტაპზე, არ უყრია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებას მოიცავს, კონგრესში კვლავ განიხილება.

აშშ-ს თავდაცვის აქტის მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქართველი ოპონენტები უშედეგოდ შეეცადნენ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი წარმოეჩინათ ამ დოკუმენტში. 

კომენტარები