საქართველო-აზერბაიჯანი

თალაკვაძე Haqqin-ზე: ერთი კონკრეტული მედიის ვერსიაა, სახელმწიფო კომენტარს ვერ გავაკეთებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, Haqqin-ის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიის გავლით სერბეთის მიერ სომხეთისთვის ნაღმმტყორცნების მიწოდებაზეა საუბარი, არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

"ერთი რომელიმე სააგენტოს უსაფუძვლო ინფორმაციებზე ჩვენ, სახელმწიფოები, კომენტარებს ვერ გავაკეთებთ და შეშფოთებასაც ვერ გამოვხატავთ. ეს არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების ვერსია, რომელსაც, პირდაპირ გეუბნებით, არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

ჩვენ ჩვენს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა და, ასევე, რასაკვირველია, ეს მომავალშიც იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ეს ურთიერთობები შეუფერხებლად გაგრძელდეს.არავითარი საფუძველი ამ ინფორმაციას არ აქვს და, გარწმუნებთ, რომ წუხილი საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობებში არ შეიძლება იყოს". - თქვა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე გადაჭრით ამბობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობა და მეგობრობაა, ხოლო მედიიის მიერ გავრცელებული ცნობა ამას ჩრდილს ვერ მიაყენებს. 

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და მხარს ვუჭერთ დეესკალაციას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონს". - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

19 ივლისს აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც წერია, რომ "საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმმტყორცნები მიაწოდა".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით კი Haqqin-ის სტატია დეზინფორმაციულია და უამრავ უზუსტობას შეიცავს. 

21 ივლისს აზერბაიჯანულმა გამოცემამ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ Haqqin-მა დამატებითი ინფორმაცია და ფოტოსურათები გამოაქვეყნა.

რედაქციის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, Haqqin წერს, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით იარაღი ცნობილმა იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტესიჩმა მიაწოდა. ტესიჩზე ვრცელდება აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები და შეზღუდვები, რომლებსაც “მაგნეტსკის აქტი” ითვალისწინებს. სერბეთიდან საბრძოლო იარაღი კომპანია Vectura Trans D.O.O-მ გამოაგზავნა, რომელზეც ასევე ვრცელდება მაგნეტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები. გზავნილის საბოლოო ადრესატი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. შეიარაღება სერბეთის ქალაქიდან ნიშში გაიგზავნა და მისი გადატანა დსთ-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ავიახაზებმა უზრუნველყო.

როგორც გამოცემა ამბობს, ობიექტურ მიზეზთა გამო, საქართველოს გავლით სომხეთში გაგზავნილ ყუმბარმტყორცნებზე მეტ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

კომენტარები