კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის მიხედვით, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივ განწყობებს ეხება, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი უარესია, ვიდრე თავად ვირუსი.
დებულებაზე "ახალი კორონავირუსით მოტანილი ეკონომიკური ზიანი თავად ვირუსზე უარესია", 7 მაისიდან 10 მაისამდე შუალედში მოსახლეობის 9% პასუხობდა, რომ სრულად ეთანხმებოდა, 42% პასუხობდა, რომ ეთანხმებოდა, 33% არ ეთანხმებოდა, 2% კი სრულად არ ეთანხმებოდა. პასუხი არ ჰქონდა 15%-ს.
14 მაისიდან 17 მაისამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლიდა, რომ ეკონომიკური შედეგები უფრო მძიმე იყო – მოსახლეობის 15% პასუხობდა, რომ სრულად ეთანხმება, 49% პასუხობდა, რომ ეთანხმება, 23% - არ ეთანხმებოდა, 2% კი - სრულად არ ეთანხმებოდა. პასუხი არ ჰქონდა 11%-ს.
კიდევ ერთ დებულებაზე, "უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ კორონავირუსის დასუსტებას, ვიდრე გავხსნათ ეკონომიკა", 7 მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში მოსახლეობის 4% პასუხობდა, რომ სრულად ეთანხმება, 30% პასუხობდა, რომ ეთანხმება, 49% პასუხობდა, რომ არ ეთანხმება, ხოლო 8% - სრულად არ ეთანხმებოდა. პასუხი არ ჰქონდა 9%-ს.
იმავე დებულებაზე უკვე 14 მაისიდან 17 მაისამდე პერიოდში მოსახლეობის 3% ამბობდა, რომ სრულად ეთანხმება, მოსახლეობის 23% ამბობდა, რომ ეთანხმება, 55% ამბობდა, რომ არ ეთანხმება, 13% სრულად არ ეთანხმებოდა. პასუხი არ ჰქონდა 6%-ს.
CRRC-საქართველომ 23 ივლისს წარადგინა ექვსი ყოველკვირეული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოში Covid-19-ის კრიზისზე მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხებოდა.
კვლევა მობილური ტელეფონების ნომრებით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა და სულ 6-ეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდს მოიცავდა, მეორე - 7 მაისიდან 10 მაისამდე, მესამე 14 მაისიდან 17 მაისამდე, მეოთხე 21 მაისიდან 23 მაისამდე, მეხუთე 28 მაისიდან 31 მაისამდე, ხოლო მეექვსე 4 ივნისიდან 6 ივნისამდე პერიოდს.
ცდომილების ზღვარი 3%-3.1%-ია. დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.