აშშ

პომპეო: აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის თავდასხმებს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტზე

მაიკ პომპეო
Dunia-rmol

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უელესის დეკლარაციის 80 წლისთავზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ არასოდეს შეეგუება რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმას და მათ ოკუპაციას, ისევე, როგორც არასოდეს უცნია ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში.

უელესის დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს იმდროინდელმა მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, ბენჯამინ სამნერ უელესმა გამოსცა. განცხადებაში აშშ-მ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია დაგმო.

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აშშ-ს ისტორიაში საამაყო მომენტი იყო.

"ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის და იძულებითი ასიმილაციის მცდელობათა პირობებში, აშშ არ წყვეტდა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას. ამ ბნელ დღეებში, ესტონელ, ლატვიელ და ლიტველ ხალხს არასოდეს დაუკარგავს იმედი, რომ საბჭოთა "ქვეყნების საპყრობილის" კარი ერთ დღესაც გაიღებოდა. იმედი არ დაუკარგავს აშშ-საც.

უელესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ისევე, როგორც აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან თავდასხმას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში მადესტაბილიზებელი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით."

განცხადებაში აშშ ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას უდასტურებს მხარდაჭერას და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს.

კომენტარები