დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევაზე ანგარიში გამოაქვეყნა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სადაზვერვო და უშიშროების კომიტეტმა რუსეთის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში გასული წლის ნოემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გამო გადაიდო.

პრესკონფერენციაზე კომიტეტის წევრებმა პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, ანგარიშის გასაჯაროვების გადადების გამო გააკრიტიკეს.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთი დიდ ბრიტანეთს დასავლეთში "ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ" აღიქვამს, რადგან აშშ-სთან ახლო ურთიერთობა აქვს და დასავლეთში ანტი-რუსული ლობის ცენტრს წარმოადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ და დაზვერვამ საკმარისი არ გააკეთა, 2016 წლის ბრექსითის რეფერენდუმში, კრემლის ჩარევის თავიდან არიდების და შესაფერისი გამოძიების ჩატარების კუთხით.

ანგარიშში ბრიტანეთის მთავრობის რეაქცია აშშ-ს რეაქციას არის შედარებული, სადაც, არჩევნებიდან 2 თვეში დაზვერვამ შეფასება დადო და რუსეთის ჩარევაზე სპეციალური გამოძიება დაიწყო.

"ჩვენთვის არ მოუწოდებიათ რეფერენდუმის შემდეგომი შეფასება რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობაზე". – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მინისტრებს არ უნახავთ და არც მოუთხოვიათ დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მტკიცებულებები.

ანგარიშში კომიტეტის წევრები ასკვნიან, რომ შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, წარმატებით ჩაერია თუ არა რუსეთი ბრექსითი რეფერენდუმში, რადგან ამის გარკვევაზე არავის უმუშავია.

ისინი აღნიშნავენ – საჯაროდ გამოქვეყნებულ კვლევებში ჩანს, რომ რეფერენდუმის დროს კრემლის პროპაგანდისტული მედიები, Russia Today-ი და Sputnik TV-ი ავრცელებდნენ ბრექსითის მხარდამჭერ და ევროკავშირის საწინააღმდეგო ინფორმაციას, Twitter-ზე კი რუსეთი გავლენის მოსახდენად ბოტებს და ტროლებს იყენებდა.

კომიტეტის წევრები წერენ, რომ, როდესაც ამის თაობაზე MI5-ს წერილობითი განცხადება მოსთხოვეს, მათ მხოლოდ 6-ხაზიანი ტექსტი გაუგზავნეს.

ანგარიშში არსებული სენსიტიური დეტალები არ გასაჯაროვდება. ბრიტანეთის მთავრობა ანგარიშზე კომენტარს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

კომენტარები