თავისუფლების უკანონო აღკვეთა

შსს: ქვემო ქართლში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა.

დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ. [1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ.]

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს". – წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები