ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები

ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისთვის 118.5 ათასი აქვთ შეწირული

მაჟორიტარი კანდიდატები

ქართული ოცნების ოცდაათიდან ხუთ მაჟორიტარ კანდიდატს ნაციონალური მოძრაობისთვის ჯამში 118.5 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს 35 ათასი ლარი შესწირა მთაწმინდა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა და კრწანისის ამჟამინდელმა მაჟორიტარმა, ბექა ოდიშარიამ.

გოჩა ენუქიძეს შემოწირულობის კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმუმი, 60 ათასი ლარი აქვს შეწირული მაშინდელი მმართველი პარტიისთვის , რომელიც როგორც 2012 წელს, ისევე 2008 წელსაც ნაციონალური მოძრაობიდან იყო პარლამენტში შესული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ოცნებაში გადავიდა და 2016 წელს უკვე მათგან შევიდა პარლამენტში. ახლა ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი.

ქართულ ოცნებას მაჟორიტარობის კანდიდატებში კიდევ ერთი ყოფილი ნაციონალი დეპუტატი ჰყავს - ანზორ ბოლქვაძე ენუქიძის მსგავსად 2008 და 2012 წლებში სწორედ ენმ-დან შევიდა პარლამენტში, 2016 წელს კი უკვე ოცნებამ წარადგინა. წელს ის ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქში იქნება ოცნების კანდიდატი. ნაციონალურ მოძრაობას ანზორ ბოლქვაძემ 2012 წელს 6500 ლარი შესწირა.

მართალია, ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტში არ შესულა, თუმცა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას 7 ათასი ლარი შესწირა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. ის გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში ოცნების კანდიდატი იქნება.

ფოთის ამჟამინდელმა მაჟორიტარმა და ახალი სისტემით ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს 10 ათასი ლარი შესწირა.

პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები საქართველოში საჯაროა და მათი ნახვა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პლატფორმაზეა შესაძლებელი. ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ ნაციონალური მოძრაობისთვის ფულის გადარიცხვა მხოლოდ 2012 წელსაა აღრიცხული.

კომენტარები