აშშ-საქართველო

ბრაიზა: სირცხვილია, კავკასუსის გარიგების გაუქმების გამო საქართველო ციფრულ ჰაბში ვერ ჩაერთოს

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ სირცხვილი იქნება, თუ კავკასუს ონლაინთან გარიგების გაუქმების გამო რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტი ვერ განხორციელდება.

მეთიუ ბრაიზამ ილაპარაკა რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტზე, რომლის განხორციელებაზეც აზერბაიჯანული კომპანია აზერტელეკომი მუშაობს - მისი ერთ-ერთი საკვანძო ნაწილიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია, რომელსაც შავი ზღვის ქვეშ კავკასუს ონლაინი ფლობს.

"ვფიქრობ, დასანანი იქნება, თუ საქართველო იმ ციფრული ჰაბის პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს. ციფრული ჰაბის პროექტი თითქოს ციფრული აბრეშუმის გზაა. ეს იდეა უკავშირდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნას, რომელიც ევროპიდან - გერმანიის ქალაქი ფრანკფურტიდან, ჩინეთამდე, შანხაიმდე იქნება გადაჭიმული. კავკასუს ონლაინი ცენტრალური ნაწილია, რადგან ბულგარეთსა და საქართველოს შორის, შავ ზღვაშია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომელსაც კავკასუს ონლაინი ფლობს. შესაბამისად, გეგმაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების შეძენა, აშენება თუ იჯარით აღება, მარშრუტზე - ევროპიდან, შავი ზღვის ქვეშ, შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, შემდეგ კასპიის ზღვის ქვეშ, შემდეგ კი ცენტრალურ აზიამდე. ასეთი ჯერ არაფერი არსებობს.

ამის ერთ-ერთი ალტერნატივაა მარშრუტი რუსეთის გავლით, რომელიც შეიძლება, ძვირი იყოს და რომელიც ქართველი ხალხის ნაწილში იწვევს შეშფოთებას იმის გამო, თუ რა შეიძლება დაემართოს მათ ინტერნეტტრაფიკს, თუ ის რუსეთში გაივლის. მაგრამ, თუ ეფექტიანი, სწრაფი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, არის იმედი, რომ თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს, რომელიც ისეთი კომპანიებისგან მოიზიდავს კონტენტს, როგორიცაა ამაზონი, ნეტფლიქსი, გუგლის ყველანაირი სერვისი; რადგან, რაც უფრო ახლოსაა კომპიუტერის სერვერები მომხმარებლებთან, მით უკეთესია თავად სერვისი. თბილისი შესანიშნავ ადგილზე მდებარეობს იმისთვის, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ეს მიაწოდოს, გეგმა კი საქართველოში, თბილისში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას უკავშირდება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ამ გლობალურმა და ამერიკულმა პროვაიდერებმა სწორედ თბილისში განათავსონ თავიანთი ინფორმაცია და გამოიყენონ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი. რა სირცხვილი იქნება, თუ ეს შესაძლებელი ვერ გახდება „კავკასუს ონლაინის“ გარიგების გაუქმების გამო". - განაცხადა ბრაიზამ.

17 ივლისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ და ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. ახლა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი.

შესაძლოა პარლამენტის ეს გადაწყვეტილება რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებას უკავშირდებოდეს.

რა ინტერესები დგას ამ ინიციატივის მიღმა, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები