მარნეული

იმამკულიევი: პოლიცია სავარაუდოდ ნარკოტიკს ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს უდებდა

აჰმედ იმამკულიევის თქმით, ოჯახი, სადაც პოლიცია, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადებას ცდილობდა, ევროპული საქართველოს მხარდამჭერია.

"ამბობდნენ, ევროპულ საქართველოს არჩევნებზე მხარს დავუჭერთო. რამდენჯერმე ოფისში მოვიდნენ. ჩემთან კავშირში იყო ეს ხალხი.

ერთ-ერთი მათგანი, გალიკ ალიევი, თითქოს ოჯახში ძალადობის გამო დაიჭირეს, მაგრამ დღეს უშვებდნენ. სასამართლოს დადგენილებაც არსებობს, მაგრამ დღეს პოლიციელები შევიდნენ სახლში, ჩხრეკის მიზეზით. ოჯახის წევრებმა ჰკითხეს, რის გამო გინდა ჩხრეკაო. პოლიციამ უთხრა, სავარაუდოდ იარაღის გამოო.

ოჯახის წევრების თქმით, როცა ნახეს, რომ პოლიციელებს ხელში იარაღი არ ჰქოდნათ, სახლში შეუშვეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ბიჭი, ტელეფონით იღებდა იმას, რაც ხდებოდა. და გადაიღო, რომ პოლიციელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკს დებს. ისე შეხვეული იყო, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ჰგავდა.

მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა დაინახეს, რაც ხდებოდა და წივილ-კივილი ატეხეს, პოლიციელები გაიქცნენ წასვლა სხვა რამეა - გაიქცნენ. თუ მართლა გასაჩხრეკად ხარ მოსული, ბოლომდე რატომ არ მიგყავს საქმე?". - უთხრა პარტიის წევრმა ტაბულას.

მისივე თქმით, დარეკა გენერალურ ინსპექციაშიც, თუმცა, თითქმის 5 საათის განმავლობაში არავინ გამოჩენილა.

აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ ის ალიევების ოჯახთან ერთად ასევე გეგმავს, პროკურატურას მიმართოს.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქის ოჯახში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადებას ცდილობს, აქტივისტმა რაშან ზიადალიევმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი მაგიდის ქვეშ ხელს ყოფს. ვიდეო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო. მაშინ, როცა პოლიციელის ქმედება დაინახა, ვიდეოს ავტორმა ჩხუბი დაიწყო. ვიდეო მალევე წყდება.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდება პასუხს - მოახდენს თუ არა უწყება რეაგირებას პოლიციელების ქმედებებზე.

კომენტარები