ძაღლის თავდასხმა ქალზე

67 წლის ქალს თავს პიტბულის ჯიშის ძაღლი დაესხა, ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პიტბულის ჯიშის ძაღლი 67 წლის ქალს თავს დაესხა. შემთხვევა 16 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

რუსთავი 2-ის ცნობით, ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც შეიარაღებული იყო, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ ჰქონია, მან ძაღლს ესროლა.

ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარმა ტელეარხს უთხრა, რომ სამი წლის პიტბულს არასდროს არავისთვის უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.

ქალის მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რუსთავი 2-თან თქვა:

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არის არასტაბილური, უტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა.

ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავისა და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა".

ძაღლის პატრონის ოჯახის მეგობრის თქმით, პიტბულს აქამდე არავისთვის უკბენია. დაზარალებულის ოჯახი კი გეგმავს, ძაღლის პატრონს უჩივლოს იმის გამო, რომ ე.წ. მებრძოლი ძაღლი უყურადღებოდ დატოვეს.

კომენტარები