ოკუპირებული ტერიტორიები

ანატოლი ბიბილოვი: ორივე ხელით მხარს ვუჭერ, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეთ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ორივე ხელით მხარს უჭერს ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. 

ბიბილოვს ინტერვიუს დროს ჰკითხეს, რას ფიქრობდა რუსული პარტიის, "სიმართლისთვის" ლიდერის, ზახარ პრიპელინის განცხადებაზე, რომ აუცილებელია, რეფერენდუმის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, ცხინვალი და აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. 

"ზახარ პრიპელინის განცხადებას გაგებით ვეკიდები, ის რუსეთის ხელისუფლების ნამდვილი პატრიოტია. ჩვენ, ოსები, ასევე რუსეთის პატრიოტები ვართ, რადგან ყოველთვის მიგვაჩნდა ის ჩვენს ისტორიულ სამშობლოდ, ვინაიდან 1774 წელს ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 

უზენაესს მადლობას ვეტყოდი, თუკი პრიპელინის განცხადებას რეალური ქმედებებიც მოჰყვებოდა და ორივე ხელით მხარს ვუჭერ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, როგორც პრეზიდენტი და როგორც ოსი". – თქვა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ინტერვიუში. 

ის, რასაც ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია, რომელიც გასული წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა. 

სინამდვილეში, 1774 წელს "სამხრეთ ოსეთი", უბრალოდ, არ არსებობდა და ის, რასაც სამხრეთ ოსეთს ეძახიან, ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო. ეს ტერიტორია კი რუსეთის მიერ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 

კომენტარები