ევროპარლამენტი

სამართლიანი არჩევნები და შესაძლო სანქციები - ასოცირების შეთანხმების ანგარიშის შესწორება

amazonaws.com

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში, რომელსაც კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან, 165 შესწორება მომზადდა. შესწორებებში საუბარია კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე. ხაზგასმულია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ ვენეციის კომიტეტის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

53-ე შესწორებაში, რომელიც ევროპარლამენტარებს: ანა ფოტიგას, ჰერმან ტერჩშს, კოსმა ზლოტოვსკის და იაჩეკ სარიუზ-ვოლსკის ეკუთვნის, ნათქვამია, რომ თუ არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა მოხდება, მასში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესდებათ:

"8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გამოვხატავთ იმედს პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზების თაობაზე წინასაარჩევნო პერიოდში. იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ძალადობისგან და პოლიტიკური მიზნებით სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებისგან თავისუფალი იქნება. ხაზს ვუსვამთ, რომ ადმინისტრაციული რესურსების კვლავ ბოროტად გამოყენება და ძალადობრივი ქმედებები ლეგიტიმური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებამდე მიგვიყვანს იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც ამ ქმედებებს აქეზებს და მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ჩადის".

55-ე შესწორებაში ხაზგასმულია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, 56-ე შესწორებაში კი ნათქვამია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დადასტურებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

57-ე შესწორებაში, რომელიც ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიანეს, სანდრა კალნიეტეს და მირიამ ლექსმანს ეკუთვნით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად მოახდინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია:

"ვიხსენებთ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. შეშფოთებით აღვნიშნავთ კამპანიის ნეგატიურ ხასიათს და ორივე მხარეს უხეში რიტორიკის გამოყენებას. ხაზს ვუსვამთ, რომ პროცესს საფუძველი შეურყია მთავრობის მხარის მიერ შეუსაბამო უპირატესობის ქონამ, ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის დაუსჯელობამ. გვახსოვს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების, ხმების მოსყიდვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ინსტიტუტის მიერ ვალების მასიური ჩამოწერის შემთხვევები. აღვნიშნავთ, რომ მეორე ტური ორგანიზებულად წარიმართა, უნების გახსნა, ხმის მიცემა და დათვლა პოზიტიურად შეაფასეს, ამომრჩევლებზე დაკვირვების შემთხვევებმა გააძლიერა ეჭვი პოტენციური დაშინების თაობაზე. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები".

58-ე, 59-ე, მე-60 და 61-ე შესწორებებში ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და არ მოხდეს საარჩევნო პერიოდში ძალადობა, ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებზე, ზეწოლა და კამპანიისას საჯარო რესურსების, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოყენება.

67-ე შესწორებაში, რომელიც ანდჟეი ჰალიცკის ეკუთვნის, საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებაზე ოპოზიციის წინააღმდეგ:

"გვახსოვს 2018 წელს ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოხატავდა აშკარა მიკერძოებას ოპოზიციის წინააღმდეგ და არ უზრუნველყოფდა სარედაქციო დამოუკიდებლობას, სამართლიანობას და მიუკერძოებლობას პროგრამებში, საერთაშორისო სანდარტების საპირისპიროდ". ვიმედოვნებთ, რომ 2020 წლის კამპანიის გაშუქება ამ შეფასების კონტრასტული იქნება. ასევე შემაშფოთებელია "რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" შეფასება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ".

მეასე შესწორებაში ანდჟეი ჰალიცკი ახსენებს Facebook-ის მიერ წაშლილ ქართულ გვერდებს, რომლებიც ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებული:

"აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის მაისში Facebook-მა წაშალა ასობით გვერდი და პროფილი საქართველოში მათი "არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების" გამო. Facebook-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დიდი ალბათობით ისინი ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული და მათ სამიზნეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. საარჩევნო კამპანია მსგავსი ქმედებებისგან თავისუფალი უნდა იყოს".

მე-15 შესწორებაში, რომელიც  ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიანეს, სანდრა კალნიეტეს, მირიამ ლექსმანს და ანდჟეი ჰალიცკის ეკუთვნის, საქართველოს ახსენებენ, რომ ევროკავშირის დახმარება ეფუძნება პრინციპს "მეტი მეტის სანაცვლოდ" და პროგრესზეა დამოკიდებული:

"გახსენებთ, რომ ევროკავშირის დახმარება ეფუძნება პრინციპს – "მეტი მეტის სანაცვლოდ" და პირობას წარმოადგენს პროგრესი რეფორმებში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და საარჩევნო სისტემების მიმართულებით".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის განხილვა მაისში გაიმართა. ანგარიშს კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან. დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა. ვრცლად ანგარიშში განხილული საკითხების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები