სერბეთი

სერბეთში პოლიციას და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება გრძელდება, დააკავეს 71 ადამიანი

AP

მეოთხე დღეა სერბეთში პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. დააკავეს 71 ადამიანი. დაშავდა 14 პოლიციელი.

დემონსტრანტებმა კვლავ სცადეს პარლამენტის შენობაში შეჭრა. აქციის მონაწილეები პოლიციას ბოთლებს და ქვებს ესროდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტიც.

მას შემდეგ, რაც სერბეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ბელგრადში შაბათ-კვირას კომენდანტის საათის შემოღება გადაწყდა. კომენდანტის საათის შემოღებას მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა და 7 ივლისს ხალხმა პარლამენტის წინ დაიწყო შეკრება. აქციის დროს საღამოს 10 საათისთვის დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პარლამენტში შეჭრა მოახერხა. 

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათს, ალბათ, არ შემოიღებენ. ასევე, მან გადადო თავისი ვიზიტი საფრანგეთში. პრეზიდენტმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, შეეწყვიტათ დემონსტრაციები, ვინაიდან აქციები ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას.

10 ივლისს მან გამოაცხადა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი - 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი და გამოვლინდა დაავადების 354 ახალი შემთხვევა. უკანასკნელი მონაცემებით სერბეთში ახალი კორონავირუსი სულ 18 073 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 382. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საავადმყოფოები თითქმის მთლიანად სავსეა.

კომენტარები