თორნიკე შენგელია ცსკა-ში

თორნიკე შენგელია: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი [ЦСКА] პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს

Alexander Imedashvili

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რუსეთის არმიის ცენტრალურ გუნდში მის გადასვლასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

შენგელიას თქმით, განცხადება არ ისახავს მიზნად თავის მართლებას, "რადგან რთულია იმ ადამიანებს აუხსნა, რამე, რომელთაც არაფრის მოსმენა არ სურთ." 

შენგელიას თქმით, რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბში გადასვლით, მას მოგების მეტი შანსი ექნება, რაც საქართველოს დროშის უფრო მეტჯერ აფრიალებას ნიშნავს. 

"ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა, როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებიდან თვალებდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენს ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი, რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ქართული დროშა ამეფრიალებინა! ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს."

შენგელიას თქმით, ЦСКА პატივს ცემს მის პატრიოტიზმს და აძლევს საშუალებას, ეროვნული ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდეს. "ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!"

საქართველოს საკლათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში რამდენიმე დღის წინ გადავიდა. შენგელიამ რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები