რუსეთი

რუსეთის პროპაგანდა RT: კისელიოვს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს

დმიტრი კისელიოვი, მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ პუტინი.
kremlin

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის RT-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ მედიასთან დმიტრი კისელიოვს კავშირი არა აქვს. 

ეს განცხადება მან მას შემდეგ გაავრცელა, რაც ლატვიამ და ლიტვამ რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია RT დმიტრი კისელიოვთან კავშირის გამო აკრძალეს. კისელიოვი შედის ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში, როგორც "სახელმწიფო პროპაგანდის მთავარი ფიგურა, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების განლაგებას უჭერს მხარს".

სიმონიანი ირწმუნება, რომ კისელიოვს RT-სთან არაფერი აკავშირებს - "დმიტრი კისელიოვს კავშირი არა აქვს... კისილიოვი MIA Rossiya Segodnya-ს ხელმძღვანელია".

აღსანიშნავია, რომ ახალი ამბების სააგენტო Rossiya Segodnya, რომლის მთავარი რედაქტორია სიმონიანი, სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული მედიაა, რომელსაც სწორედ კისელიოვი მართავს.

კისელიოვი სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული სიახლეების სააგენტოს Russia Segodnya-ს აღმასრულებელ დირექტორად 2013 წელს დანიშნა ვლადიმირ პუტინმა.

"RT-ს აკონტროლებს კისელიოვი, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 2014 წელს ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდაში მისი არსებითი როლისთვის... ისინი ავრცელებენ იმას [ამბებს], რაც კრემლს ემხრობა," - ვკითხულობთ ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის საბჭოს განცხადებაში. მათივე თქმით, აკრძალვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევის შედეგად დააწესეს. 

ლატვია RT-ს პროპაგანდისტულს უწოდებს და ამბობს, რომ არხს კისელიოვი აკონტროლებს.

კისელიოვი ბრალდებას უარყოფს და ლატვიას ურჩევს, არხს ბოდიში მოუხადოს და ეთერში დააბრუნოს. 

კომენტარები