გამყრელიძე: თუ ფანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიში არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიში არ არის.

ის ამბობს, რომ ეს ევროპის დაავადებთა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებშიც ასახულია და ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერის ჩართვის გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე მიიღეს.

NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ვცელდება.

"ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მიუთითებენ, რომ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ, ანუ ჰაერი შემოაქვს და გააქვს. ამასთან, ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდიციონერებში გამოყენებული ფილტრები აუცილებლად უნდა იყოს ახალი გამოცვლილი, ან სათანადოდ დამუშავებული და გასუფთავებული. მიუხედავად იმისა, კონდიციონერი არის ჩართული თუ არა, მთავარი რეკომენდაცია რჩება იგივე, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ პირბადე და არ დაგავიწყდეთ ჰიგიენის წესების დაცვა. ამის გარეშე ყველანაირ ქმედებას აზრი ეკარგება". – თქვა ზახაშვილმა.

კომენტარები