აშშ-საქართველო

ვოლსკი დაფინანსების შემცირების კანონზე: კონგრესმენთა ერთი ჯგუფის მომზადებულია

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი "კონგრესმენთა ერთი ჯგუფის" მიერ მომზადებულს უწოდებს აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონს, რომელიც 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსებას ეხება და რომლის მიხედვითაც, საქართველოს დაფინანსება შესაძლოა 15%-ით შემცირდეს.

ვოლსკიმ რადიო მაესტროს ეთერში თქვა, რომ მისი ინიციატორი არის კონგრესმენების ერთი ჯგუფი და "რაღაც ფრონტერას ხელწერაც იგულისხმება".

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ რეალურად არის ერთი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფრონტერას თემა არის გარკვეულწილად მათთვის საგანგებო მნიშვნელობის მქონე და არ დაგიდევენ იმას, რომ ხელშეკრულება არ შეასრულეს სახელმწიფოსთან, უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვეს, ხელფასის გარეშე. რაც მთავარია, სტოკჰოლმის არბიტრაჟი ჩატარდა და მის ავტორიტეტში ეჭვი არავის ეპარება, თვითონ აშშ-შიც. მოკლედ რომ გითხრათ, სიცრუეა. არაფერი არ მცირდება. არის გარკვეული ჯგუფის მოსაზრება, რომელმაც უნდა გაიაროს კომიტეტი ერთი, კომიტეტი მეორე, მერე პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს [...]

პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა რომ მოამზადოს კანონპროექტი და უკვე ავყვირდეთ იმაზე, რომ ამის მიხედვით განხორციელდება რაღაც ღონისძიება. როგორ შეიძლება, პარლამენტარების მიერ მომზადებული ერთი კანონპროექტი შევაფასოთ, როგორც კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კომიტეტები უნდა გაიაროს, მერე პლენარული უნდა გაიაროს". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ვოლსკი ამ საკითხში ოპოზიციის ბრალეულობასაც ხედავს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის "ოპონენტები ცდილობენ, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, რომელიც ასე კარგი არასდროს ყოფილა, როგორმე მოიშალოს".

"საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობა, ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ურთიერთობა ასეთ დონეზე არ ყოფილა და ეს ჩვენს ოპონენტთა შორის გააფთრებას კიდევ უფრო ზრდის. აქ დაკარგეს პლატფორმა, ხალხის სახელით ლაპარაკობენ. ასეთი დესტრუქცია არ მინახავს, არ გამიგონია და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში". – ამბობს ვოლსკი.

აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი. კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

კონგრესის ასიგნებების კომიტეტი, სადაც კანონია დარეგისტრირებული, სენატის კოლეგიასთან ერთად, დაფინანსების შესახებ კანონების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები